პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში ბადრი ჯაფარიძეც იმყოფებოდა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, პირველად სადეპუტატო უფლებამოსილება სახელმწიფო გადატრიალებამ შემიწყვიტა, ახლა - მიტაცებულმა სახელმწიფომ.
„ჩემი სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო - ვიქნები პარლამენტში თუ მის გარეთ, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არიან მთავარი პრიორიტეტები. მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები დადგეს. ცვლილებები, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს სჭირდება. იმიტომ რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს. ეს მდგომარეობა საბოლოო ჯამში სრულ ნიჰილიზმს იწვევს ჩვენს თანამოქალაქეებში. ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ გაგვტეხავს და მათ შორის ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაც“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება პარლამენტის წევრის, შალვა ნათელაშვილის პოზიციას, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკითხის განხილვას არ დასწრებია. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის პროცედურა გაიმართა, რომელიც შემდეგი შედეგებით დასრულდა: კახაბერ კუჭავა - 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი; ბადრი ჯაფარიძე - 77 მომხრე, 38 წინააღმდეგი; შალვა ნათელაშვილი - 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი; ელენე ხოშტარია - 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი.
პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას.
ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტის საფუძვლად მმართველმა გუნდმა პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.
რაც შეეხება „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა.