The Wall Street Journal-ის ედიტორიალის მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კრიზისი შეიქმნა, არის ის, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ადეკვატურად არ უპასუხა რუსეთის შეჭრას საქართველოში, რას იტყვით თქვენ ამასთან დაკავშირებით? ეს შეკითხვა დაუსვა CNN-ის წამყვანმა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, რომელმაც 2008 წლის მოვლენები ამავე ტელეკომპანიის ეთერში გაიხსენა. უფრო კონკრეტულად, The Wall Street Journal-ის სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ დასავლეთის სუსტმა სანქციებმა 2008 წელს საქართველოსა და ყირიმში 2014 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი წაახალისა, დაეჯერებინა, რომ ევროპას არ აქვს ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე სერიოზულს.
„პირველ რიგში, ჩვენ ვცადეთ ამის თავიდან არიდება (რედ. საქართველოში რუსეთის შეჭრის).
ვინც ოდესღაც გადაწყვიტა, რომ რუსი სამშვიდობოები ჩაეყენებინა აფხაზეთსა და (რედ. სამხრეთ) ოსეთში, როგორც ეუთოს სამშვიდობო ძალების ნაწილი, საშინელი შეცდომა დაუშვა. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვცადეთ... ვცადეთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, იმჟამინდელ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რომ მიგვეღწია რაიმე სახის შეთანხმებისთვის, რათა ტემპერატურა დაგვეწია. მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი, რუსები ეცდებიან თქვენს პროვოცირებას, არ მისცე ამის საშუალება-მეთქი. და მართლაც, რუსებმა მოახდინეს მათი პროვოცირება და ომი დაიწყო.
როდესაც ეს ხდებოდა, შეერთებული შტატები ძალიან რთულ პოზიციაში იყო. ჩვენ არ ვიყავით იმ პოზიციაში, რომ რუსეთთან ომში ჩავბმულიყავით საქართველოს გამო. ასე რომ, ჩვენ ვცადეთ, გაგვეძლიერებინა საქართველოს ძალები, – მათ ჰყავდათ ძალები ერაყში, ჩვენ ჩამოვიყვანეთ ისინი; გამოვიყენეთ გარკვეული წვრთნები შავ ზღვაში და მის გარშემო, რათა გვეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა ქართველების მიმართ. შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსებს შესაძლოა, თბილისზეც (რედ. თბილისის აღებაზე) ეფიქრათ“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა CNN-თან.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი კიდევ ერთხელ გაიხსენა. კონდოლიზა რაისის თქმით, ომის დასრულების შესახებ, ლავროვმა სამი პირობა წამოაყენა:
- საქართველოს სამხედროები ყაზარმებში დაებრუნებინა
- ხელი მოეწერა ძალის არგამოყენების ვალდებულებისთვის
„შემდეგ მითხრა, ეს ჩვენ შორის დარჩესო: „მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს“. მე ვუპასუხე: სერგეი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ საუბრობენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაგდებაზე; ყველას ვეტყვი, რომ ეს არის შენი ერთ-ერთი პირობა“. მე ასეც გავაკეთე. ამის შემდეგ ჩემთან ასეთი ფორმით აღარ უსაუბრია. მაგრამ ვფიქრობ, ფაქტი, რომ მათ სურდათ საქართველოს მთავრობის დამხობა და ჩვენ ეს ფაქტი გავაშიშვლეთ, ძალიან მნიშნვლოვანია იმ ლიმიტის დასანახად, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.
ამერიკელმა დიპლომატმა გაიხსენა საფრანგეთის დახმარებით რუსეთთან მიღწეული შეთანხმება. შემდეგ აღნიშნა, რომ აშშ-მ საქართველოს მხარდასაჭერად მილიარდი დოლარი გამოყო.
„ასევე, შეერთებულმა შტატებმა მიმართა სანქციების დაწესების მცდელობებს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ევროპელები იქ არ ყოფილან. ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, იმ მცირე რაოდენობით სანქციებმა, რაც ძალაში იყო, დაიწყო ეროზია, ალბათ, ურთიერთობის გადატვირთვის ფარგლებში, არავის ვადანაშაულებ...გადატვირთვა ალბათ კარგი მცდელობა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მედვედევმა ჩაანაცვლა პუტინი – დროებით... მაგრამ მე ვფიქრობ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. არ ვიცი, შეგვეძლო თუ არა ბევრად მეტის გაკეთება უფრო ძლიერი ევროპული მხარდაჭერის გარეშე. ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველო გადარჩა“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.