გაერომ 75-ე წლისთავი ონლაინ ღონისძიებით აღნიშნა.
საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართა, ნაჩვენები იქნა მსოფლიო ლიდერების ვიდეოგამოსვლები. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზიდან ლაპარაკობდა, მულტილატერალიზმის განახლების მოწოდებით გამოვიდა.
მან აღნიშნა, რომ ახალმა კორონავირუსმა „გააშიშვლა მსოფლიოს სუსტი მხარეები“ და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის აუცილებლობა.
„დღეს ჩვენ გვაქვს მულტილატერალური გამოწვევების სიჭარბე და მულტილატერალურ გადაწყვეტათა დეფიციტი,“ თქვა გენერალურმა მდივანმა.
„ახლოვდება კლიმატური კატასტროფა, ნადგურდება ბიომრავალფეროვნება, იზრდება სიღატაკე, ვრცელდება ზიზღი, გეოპოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება, ბირთვული იარაღი კვლავაც საბრძოლო მზადყოფნაშია,“ თქვა გუტერეშმა. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა გაეროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი შედეგებიდან აღმოცენდა, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტები.
„თანამედროვე ისტორიაში არასოდეს ვყოფილვართ ამდენი წელი მსხვილ სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონფრონტაციის გარეშე,“ - თქვა გუტერეშმა.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე 180-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა და წარმომადგენელმა სამწუთიანი წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები გაგზავნეს. მათ ასევე შეათანხმეს დეკლარაცია, რომელშიც ნახსენებია გაეროს მიღწევები და წარუმატებლობები, ასევე გამოწვევები.
დღეს ნიუ-იორკში იწყება გაეროს გენერალური ასამბლეის ერთკვირიანი ყოველწლიური შეკრება, რომელიც ძირითად ონლაინ რეჟიმში გაიმართება.