შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.
უწყების ცნობით, მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა.
ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა.
ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.