საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან. როდესაც საუბარია კრიზისიდან გამოსვლაზე, ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და შეკითხვებს უპასუხა მათ შორის იმის შესახებ, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რას ფიქრობს უკრაინის შესახებ რეზოლუციის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა გამოსცა და ეთანხმება თუ არა საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან მიმართებით.

 

  • უპირველეს ყოვლისა თქვენი ციტატა არის ფრაგმენტი, ეს შიდა დისკუსია იყო, მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი ომზე 2008 წლიდან მოყოლებული ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს, მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს, ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი, ჩემი წუხილი სხვა რაღაცას ეხება, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როდესაც პროვოკაცია იწყება. მე იქ ვიყავი, როდესაც ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ - არ წამოეგოთ პროვოკაციებს. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან, ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს. რუსეთი ასეთია, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური დისკუსიები გულისხმობს მთავრობის მიერ პროვოკაციების თავიდან აცილებას მაქსიმალური დოზით. მიუხედავად იმისა ეს წარმატებული იქნება თუ არ იქნება, ყველა უნდა ეცადოს და ეს იყო ჩემი საუბრის სულისკვეთება.

ეს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პასუხია France Press-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე 2009 წლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პროვოკაციებზე ზედმეტად რეაგირებაში ადანაშაულებდა.

  • კიდევ ერთი რამ არის, რაც ზელენსკიმ გააკეთა, თუ გვინდა, რომ ისტორიის რაკურსებში შევიდეთ, მობილიზაცია მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის, სრული მობილიზაცია, სანამ რაიმე მოხდებოდა და საქართველოს შემთხვევაში უსაფრთხოების საბჭო რუსეთმა მოიწვია იმის წინ, ვიდრე საქართველო მოიწვევდა, 2008 წელს.

ზელენსკის რომ რეაგირება მოეხდინა რუსეთის პროვოკაციაზე, იგივე პასუხს მიღებდა თუ არა, რა პასუხიც 2008 წელს საქართველომ მიიღო, ჟურნალისტის ამ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

  • მე არ მინდა ვარაუდები გამოვთქვა, ეს არ არის ჩემი როლი და ფუნქცია, ზელენსკიმ ყველაფერი სცადა, მაგრამ რუსეთის რეაქცია უფრო მეტი იყო ჩვენს შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენ პირდაპირ აღიარების შედეგი გვქონდა.

რას ფიქრობთ უკრაინის შესახებ რეზოლუციის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა გამოსცა და ეთანხმებით თუ არა საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან მიმართებით? BBC-ის შეკითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

  • საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩვენ არ გვქონია განხილული საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია, არც ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ემხრობა. მე მივყვები ჩემს პრინციპებს, როდესაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პოზიციას წარმოვადგენ. მგონია, რომ ეს ძალიან ცხადად ვახსენე. რაც შეეხება პრაგმატულ მიდგომას, კითხვა თავისთავად საინტერესოა - მე ვერ ვიქნები წინააღმდეგი იმ პრაგმატული მიდგომისა, უკვე ვახსენე - ორი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ოკუპირებული გვაქვს, ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ ამბავს, ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში, რომლებიც ქართულ ენასთან წვდომას და აფხაზურ ენაზე ურთიერთობას ვერ ახორციელებენ. ორივე ტერიტორიაზე სამხედრო გარნიზონებია და ეს ანექსიის მიმართულებით მიდის, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებლობას გრძნობს. პრინციპებზე საუბარი ჯეროვანი არ არის და საკითხი დასაბალანსებლად იოლი არაა.

უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს? საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პარტნიორებთან არის გასავლელი.

  • არ ვიცი, რა იქნება სანქციების ხასიათი და რას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ. სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში, რადგან ორი რეგიონია ოკუპირებული. ჩვენი რეაგირება ამ სიტუაციაზე ხდება, ჩვენი მოქალაქეების თავს გადადის ეს ყველაფერი საზღვრისპირა რეგიონებში. ჩვენ ეს უნდა დავაბალანსოთ. ჩვენ უნდა ვიკისროთ სრულად პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეს საკითხები პარტნიორებთან არის გასავლელი.

უნდა იყოს თუ არა საქართველოს საკითხი უკრაინის საკითხთან მიბმული, ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან - როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებსა და კრიზისიდან გამოსვლაზე, ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

  • გასულ ზაფხულს ვმასპინძლობდი „ასოცირებული ტრიოს“ წარმომადგენლებს. პეტრას ციხეზე გვქონდა ბრიფინგი. მოლდოვა, საქართველო, უკრაინა ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობით ევროკავშირთანაც ვართ მიბმული, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთანაც, ვგულისხმობ იმას, რომ ყველაზე ახლოს ვართ „ღია კარის“ პოლიტიკასთან.

 

  • რაც შეეხება კრიზისს, აქაც დაკავშირებული ვართ იმიტომ, რომ ყველას ახსენდება საქართველოს გამოცდილება, ის სცენარი, რომელიც რუსეთმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ და ის იმეორებს ამას. ჩვენ ამას ყოველთვის ვახსენებთ თავად, მე პირადად ვახსენე ეს სხვადასხვა ღონისძიებაზე და აღვნიშნე, რომ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს შესახებ და საქართველოს სრული ინფორმაცია არ აქვს როგორც ასოცირებულ წევრს, მაგრამ რუსეთი რა პრეტენზიებსაც აცხადებს ამ მოლაპარაკების პროცესში, ბუნებრივია, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც შეიძლება, შეეხოს საქართველოსაც იმიტომ, რომ ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან.

 

  • არ დაგიმალავთ, მე მქონდა კომუნიკაცია პოლონეთის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთანაც, როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და ძალიან ცხადად და მკაფიოდ ვახსენე, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო. ღია კრიზისი ბუნებრივია ეხება უკრაინას და განსხვავებული სიტუაციები ვერ აირევა, მაგრამ როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებზე, კრიზისიდან გამოსვლაზე, აქ ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში, თვალსაწიერში და ჩვენ ამას ცხადად ვამბობთ იმ დისკუსიებში, რომლებიც ჩვენ გვეხება.

პრეზიდენტის განცხადებით, მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არამარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.

  • დეჟა ვუს შეგრძნება მაქვს. განსხვავება რა თქმა უნდა, სცენარებს შორის არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2021, 2022-ში. განსხვავების ელემენტები აშკარაა, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო. არამარტო საქართველო, მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი ევროპისთვისაა გასაზიარებელი პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არამარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.

ამავე თემაზე

სალომე ზურაბიშვილი: 2008 წელს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა შესაძლებლობას, ამიტომ ვდგავართ დღეს ამ გამოწვევის წინაშე