საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
„დღეს, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე კოჯრის დაფლეთილი დროშაა აღმართული, ჩვენს დღევანდელ დროშასთან ერთად, ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. კოჯორ-ტაბახმელასთან განვითარებული მოვლენებიდან 101 წელი გავიდა.
იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ იაღლუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.