სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო ვართ, ამას რუსეთი ვერაფერს უზამს

"დღეს ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო ვართ, ამას რუსეთი ვერაფერს უზამს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. პანაშვიდის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა იუნკერთა საფლავები და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.

„საქართველო სისხლის ზღვაში ბანაობდა, ჩვენი დაფლეთილი დროშა კოჯრის მთაზე ქანაობდა" - ამ სიმღერით გავიზარდე, როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი. იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკერები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა თავისმა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა. ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო ტახტი და მისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა იმ მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად; ასე ჩანდა 1992 წელს, როცა სოხუმი დაეცა; ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა. ასე შეიძლება ჩანდეს დღეს ჩვენ მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათ ტერიტორიებზე შემოდის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ ეს არის რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხება, ასე ჩანს და ასე არ არის. რეალურად დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე ის დაფლეთილი დროშა არის აღმართული, დღევანდელ დროშასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. ასე ჩანდა და ასე არ არის, რადგან ჩვენ ვდგავართ დღეს დამოუკიდებელი საქართველო დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით. ასე ჩანდა და ასე არ არის და იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ ეს მაგალითი დაგვიტოვეს. მაგალითი, რომლითაც ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვზრდიდეთ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას, ქვეყნის სიძლიერეს არ აქვს მნიშვნელობა და დიდი და პატარა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს, თუ შენ იცი, რისთვის იბრძვი და რისი გწამს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე დამოუკიდებელი საქართველოს ძველი და ახალი დროშები გადმოფინეს

ცნობისთვის, დღეს იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. კოჯორ-ტაბახმელასთან განვითარებული მოვლენებიდან 101 წელი გავიდა.

იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ იაღლუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.