რა ამოცანებისთვის იყენებს NATO სწრაფი რეაგირების ძალებს

ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სწრაფი რეაგირების ძალებს განალაგებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ალიანსი განათავსებს თავისი საბრძოლო მზადყოფნის ძალების ნაწილებს, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებისგან შედგება. მან ხაზი გაუსვა, რომ NATO ამ ძალებს პირველად სწორედ თავდაცვის კონტექსტში გამოიყენებს.

ზოგადად კი, რა მისია აქვს, რა ამოცანების შესრულება უწევს და როდის გამოუყენებია NATO-ს, თავისი სწრაფი რეაგირების ძალები Europetime-მა ეს ინფორმაცია ალიანსის წყაროებიდან შეკრიბა და გთავაზობთ ახლა ამ მასალას. 


NATO-ს რეაგირების ძალები, იგივე - NRF უმაღლეს დონეზე მომზადებული, ტექნოლოგიურად განვითარებული მრავალეროვნული ძალაა, რომელიც შედგება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ნაწილებისგან (SOF) და რომლის განთავსებაც ალიანსს შეუძლია უსწრაფესად, სადაც საჭიროა.

ოპერაციული როლის გარდა,  NRF-ს როლი მოიცავს უფრო მეტ თანამშრომლობას ტრენინგის, წვრთნების კატასტროფებში მხარდაჭერის და ტექნოლოგიების უკეთესად ათვისების მიმართულებებს. NRF უზრუნველყოფს NATO-ს თანმიმდევრულობისა და ერთგულების ხელშესახებ დემონსტრირებას, შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის მიმართ.

ეს მოიცავს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში წვლილს, ძალის დემონსტრირებას, მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციებს, კატასტროფების შემთხვევებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას და უსაფრთხოების ოპერაციებს. თავდაპირველი შესვლის ოპერაციები ტარდება ერთობლივად, როგორც დიდი ძალების ნაწილი, რათა ხელი შეუწყოს შემდგომი ჯარების განლაგებას.


NRF მისია

NATO-ს სწრაფი რეაგირების ელემენტები დაეხმარა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაცვას ათენში, საბერძნეთში. იმავე წლის სექტემბერში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდასაჭერად განლაგდნენ. NRF ასევე გამოიყენებოდა კატასტროფების აღმოსაფხვრელად. 2005 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, NRF-ის თვითმფრინავები შეერთებულ შტატებს დაეხმარნენ ქარიშხალ კატრინას შედეგებთან გამკლავებაში.

2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის თებერვლამდე, NRF-ის ელემენტები გამოიყენებოდა პაკისტანში, კატასტროფების დროს დახმარების მიზნით, 8 ოქტომბრის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. NRF-ის თვითმფრინავები გამოიყენებოდა  ე.წ. საჰაერო ხიდში, რომელმაც თითქმის 3,500 ტონა სასწრაფო საჭირო მარაგი მიაწოდა პაკისტანს, ხოლო NRF-ის ინჟინრები და სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში დახმარების მიზნით განლაგდა.

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები გააქტიურდა 2021 წლის აგვისტოში, რათა ხელი შეეწყო იმ ავღანელების ევაკუაციისა და გადაადგილებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ NATO-სთან ერთად, მათ ოჯახებთან ერთად. ეს პასუხი მოიცავდა Task Force Noble-ის შექმნას, სამუშაო ჯგუფს, რომელიც კოორდინაციას უწევს ასობით NRF ჯარისკაცს 20 მოკავშირე ქვეყნიდან.

ეს ჯარები მხარს უჭერენ ევაკუაციას ევროპის მასშტაბით, მათ შორის სატრანსპორტო თვითმფრინავებით, სამშენებლო აღჭურვილობით, სასწრაფო დახმარების მანქანებით, სამედიცინო ჯგუფებით, სამოქალაქო საქმეთა გუნდებით და უსაფრთხოების პერსონალით. 


 კომპონენტები

  • NRF შედგება ერთობლივი მრავალეროვნული ძალისგან, რომელსაც შეუძლია, უმოკლეს დროში მოახდინოს  რეაგირება უსაფრთხოების გამოწვევების სრულ მასშტაბზე, კრიზისის მენეჯმენტიდან კოლექტიურ თავდაცვამდე.

 

  • NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ NRF 2014 წელს, ე.წ. სათავე რაზმის შექმნით, რომელიც ცნობილია როგორც ძალიან მაღალი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (VJTF).

 

  • ეს გაძლიერებული სწრაფი რეაგირების ძალა მზადყოფნის სამოქმედო გეგმის (RAP) ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს, რეაგირება მოახდინოს უსაფრთხოების გარემოში განხორციელებულ ცვლილებებზე და გააძლიეროს ალიანსის კოლექტიური დაცვა.

  • NRF-ის საერთო სარდლობა მიეკუთვნება ევროპის უმაღლეს მოკავშირეთა სარდალს (SACEUR).



NATO-ს რეაგირების ძალების მიზანი 

NRF-ს მიზნები ყოვლისმომცველია: შეუძლია სწრაფი სამხედრო პასუხის გაცემა წარმოშობილ კრიზისზე, იქნება ეს კოლექტიური თავდაცვის მიზნებისთვის თუ სხვა კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებისთვის.

NRF ალიანსს საშუალებას აძლევს, სწრაფად უპასუხოს სხვადასხვა ტიპის კრიზისებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ის ასევე არის მამოძრავებელი ძრავა NATO-ს სამხედრო ტრანსფორმაციითვის. 

როტაციის ძალა

NRF დაფუძნებულია როტაციულ სისტემაზე, სადაც მოკავშირე ქვეყნები ხელმძღვანელობენ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო ან სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF) ქვედანაყოფებს 12 თვის განმავლობაში. თითოეული NRF როტაცია უნდა მომზადდეს ამოცანების ფართო სპექტრისთვის. NRF ასევე ღიაა პარტნიორი ქვეყნებისთვის, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ. 

NRF-ში მონაწილეობას წინ უძღვის ეროვნული მომზადება, რასაც მოჰყვება ტრენინგი მრავალეროვნული ძალების სხვა მონაწილეებთან. როდესაც ქვედანაყოფების როტაცია NRF-ის ფარგლებში ხდება, მაღალი სტანდარტები, კონცეფციები და ტექნოლოგიები თანმიმდევრულად ვრცელდება მთელ ალიანსში, რითაც NATO-ს რეაგირების ძალების ერთ-ერთ მთავარ მიზანს - მოკავშირეთა ძალების შემდგომი ტრანსფორმაცია მოჰყავს სისრულეში. 

NRF-ის ოპერატიული სარდლობა ყოველწლიურად ნაცვლდება მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლებს შორის, ბრუნსუმსა (ნიდერლანდები) და ნეაპოლში, (იტალია). NRF ელემენტი - დაახლოებით 20,000 კაციანი - მოიცავს მრავალეროვნულ სახმელეთო ბრიგადას, რომელიც შედგება დაახლოებით 5,000 ჯარისკაცისგან და საჰაერო, საზღვაო და SOF კომპონენტებისგან.

წამყვანი ელემენტები მზად არიან, განლაგდნენ ორიდან სამ დღეში. მოკავშირეები იღებენ მთავარ როლს VJTF-ისთვის როტაციის საფუძველზე; საწყისი შემდგომი ძალების ჯგუფი (IFFG) მაღალი მზადყოფნის ძალებია, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად განლაგდნენ VJTF-ის შემდეგ, კრიზისის საპასუხოდ. ისინი შედგება ორი მრავალეროვნული ბრიგადისგან; საზღვაო კომპონენტი: ის ეფუძნება NATO-ს მუდმივ საზღვაო ჯგუფებს (SNMG) და ნაღმების საწინააღმდეგო მუდმივმოქმედ ჯგუფებს (SNMCMGs); ასევე - საბრძოლო საჰაერო და საჰაერო დამხმარე კომპონენტი; სპეციალური ოპერაციების ძალები; და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) თავდაცვის სამუშაო ჯგუფი.

გააქტიურებამდე, NRF  (მორგებული ზომით და შესაძლებლობებით) უნდა შეესაბამებოდეს ნებისმიერი კონკრეტული ოპერაციის მოთხოვნებს, რისთვისაც არის მოწოდებული.
VJTF და თავდაპირველი შემდგომი ძალები, თავიანთ ქვეყნებში არიან ბაზირებულნი, მაგრამ შეუძლიათ, განლაგდნენ წვრთნებისთვის, კრიზისზე რეაგირებისთვის იქ, სადაც საჭიროა. VJTF-მა მონაწილეობა მიიღო მის პირველ განლაგების წვრთნებში პოლონეთში, 2015 წლის ივნისში და წვრთნების დროს მისი განლაგების, ასევე, ნებისმიერ წარმოქმნილ კრიზისზე რეაგირების შესაძლებლობის კონტექსტში რეგულარულად მოწმდება. 

VJTF-ის ხელმძღვანელობაც როტაციას ექვემდებარება, ყოველწლიურად, ერთი მოკავშირე წამყვან ქვეყნად ინიშნება, სხვა მოკავშირეები კი მონაწილეები არიან. საერთო ჯამში, გაძლიერებული NRF დაახლოებით 40,000 ჯარისკაცს მოიცავს.