„ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე, სიტყვით და საქმით, უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს და აკეთებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და განაცხადა, რომ ქართველი ერი უკრაინელი ერის გვერდით დგას.
„ჩვენ ვხედავთ როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი მეგობარ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენს მეგობრობას აქვს ხანგრძლივი ისტორია. უკრაინელებთან ძალიან ემოციური კავშირი გვაქვს და შესაბამისად, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ჩვენს საზოგადოებას, ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ამ უპრეცედენტო მაგალითისთვის.
ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე, სიტყვით და საქმით უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს და აკეთებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით. კერძოდ, ყველა დონეზე , ყველა ფორმატში ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იყო მყარი და ურყევი.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოში, ეუთოში, გაეროში, ყველა დონეზე, სადაც ეს პრინციპული საკითხი განიხილებოდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს პრინციპული პოზიცია ყველა დოკუმენტში, ყველა კენჭისყრისას.
ასევე ხაზს გავუსვამ, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოს საელჩო დღემდე რჩება და ოპერირებს კიევში რაც არის ასვე მხარდაჭერის განსაკუთრებული გამოხატულება. და ჰუმანიტარული დახმარება რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, პირველივე დღიდან ყველაფერი კეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს, განსაკუთრებით საქართველოში დარჩენილ ტურისტებს და ისინი არიან უზრუნველყოფილი სრული უფასო მომსახურებით, ამისთვის კერძო მოსახლეობასაც მადლობა უნდა გადავუხადოთ.
მოგახსენებთ ასევე მთავრობის სახელით გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში და ჩვენი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება იყოს გაწეული და გაწეული იყოს შესაბამისი ძალისხმევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.