საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუღებელს და გაუმართლებელს უწოდებს, „მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა“.
„უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის ამ კოორდინებული მოქმედების გამოხატულება. ამის იქით აქ მეტს არაფერს ვიტყვი. არის მცდელობა, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავშვებთ და არ დავუშვებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს, მე ვამბობ იმას და იმდენს, რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის. რაც შეეხება საქართველოში კოორდინაციას, არ მინდა, ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ „ნაციონალებს“ და ზელენსკის შორის არის თითქოს კოორდინაცია. ეს ასე არ არის, მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შემჩნეული იყო ღალატში, ეს რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობაა“. თქვენ ნახეთ, სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევის.
სანქციები უკრაინასთან დაკავშირებით არ დააწესა მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა - ამ ქვეყნების ჩამონათვალს გავაგრძელებ, არც ერთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მიზეზი არის ერთადერთი, ინტერესი, რომ თურქეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი ან ისრაელი და ა.შ. ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს. სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ არავის არ გაუწვევია იქიდან ელჩი, სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით, პირდაპირი მცდელობა იყო მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩართული ვყოფილიყავით სამხედრო კონფლიქტში, ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა შემდეგ ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი.
კობახიძის თქმით, არის ერთ მხარეს მცდელობა საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში და საქართველოს ხელისუფლება არის ამ მოსაზრების წინააღმდეგი.
„ჩვენ ხალხი უნდა დავიცვათ და არ უნდა ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია, დავსვათ კითხვა, პატარა რეფერენდუმი ჩავატაროთ და მოვუწოდოთ ხალხს, რომ გამოვიდნენ, შეიკრიბონ პარლამენტის წინ, ვინ არის მომხრე, რომ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთონ. თუ არის ვინმე იმის მომხრე, რომ დღეს ხელისუფლებამ ჩართოს საქართველო სამხედრო კონფლიქტში, შეგვიძლია, ეს კითხვა დავსვათ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე სამხედრო კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.