საქართველოს პარლამენტში მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმინეს

დღეს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. სხოდმაზე საკუთარი პროგრამა ეკონომიკური პროფილის ოთხმა კანდიდატმა წარადგინა.

დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნეს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.

ასევე, საკუთარი პროგრამა დეპუტატებს წარუდგინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მთის განვითარებას და მთის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების სხვადასხვა ღონისძიებებს. ასევე გაგრძელდება გამყოფი ხაზის სოფლებისთვის სხვადასხვა ტიპის საბაზისო, განათლების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მისი თქმით, 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის. განათლების ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამში, 300 მლნ ლარით დაფინანსდება. ასევე 2024 წლამდე გაგრძელდება და დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, რომლებიც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილია.

მაია ცქიტიშვილის თქმით, გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, 2021 წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და დაიწყება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანი.

დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ. თურნავას თქმით, პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოების წახალისებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 10 ჰა-მდე იჯარით გაცემული მიწების გამოსყიდვა მოიჯარეების მხრიდან, რაც, ნათია თურნავას შეფასებით, იძლევა იმისა შესაძლებლობას, რომ ეს მიწები უფრო მეტად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში და მოიზიდოს საბანკო დაფინანსება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება.

„ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრობის კანდიდატის განცხადებას, ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული მომდევნო წლების სტრატეგია ევროპულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია.

„2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ის ძირითადი პროგრამები, რომლებიც იძლევა შედეგებს და არის საფუძველი, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში”, - განაცხადა დათიშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, სამომავლოდ ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა ექსტენციის ქსელი, უფასო საკონსულტაციო დახმარება ყველა მუნიციპალიტეტში; განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება; მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად, გაიცემა ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰიდრომელიორირებულ მიწებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები და მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

სამინისტროს პროგრამა წარუდნიდა დეპუტატებს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მომდევნო წლებში საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად დარჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლინდა დანაშაულის 1400-ზე მეტი ფაქტი, მათ შორის, უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის 323 ფაქტი და ამოღებულია 630 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

მისი განცხადებით, მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით. აღნიშნული სისტემა წარმატებით დანერგილია დღგ-ის დეკლარაციებისთვის. წინასწარ შემუშავებული რისკის კრიტერიუმებით დეკლარაციების სისწორის შემოწმება, მისი თქმით, ეტაპობრივად შეამცირებს გასვლითი საგადასახადო შემოწმებების რაოდენობასა და ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა კანონშესაბამისობის ზრდას.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

დღესვეა დაგეგმილი ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ.