საქართველოს პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე მუშაობას იწყებს, ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განცხადება გააკეთა.
„მსურს წარმოგიდგინოთ რეზოლუციის პროექტი. გამომდინარე იქიდან, რა მოვლენებიც ვითარდება ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტშიც ვიმუშაოთ რეზოლუციის ტექსტზე, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. საქართველოს გაცხადებული აქვს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, მიზანი და ვფიქრობთ, რომ ამ პირობებში, როდესაც გარკვეული ძვრები შეინიშნება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ჩვენც ვიმუშაოთ რეზოლუციის პროექტზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და ბიუროს წევრებს რეზოლუციის პროექტის შინაარსი გააცნო. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციების და პროცედურების შემდეგ, მოხდება რეზოლუციის პროექტის დაინიცირება.
პარლამენტის თამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ნადვილად მნიშვნელოვანია ამ მომენტში პარლამენტმაც საკუთარი პოზიცია რეზოლუციის სახით დააფიქსიროს. მისი თქმით, პარლამენტის ყველა წევრს ექნება საშუალება ჩაერთოს აღნიშნული საკითხის შემუშავებაში.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.
ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.