ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა დააფიქსიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. „პრეზიდენტთან ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ.
თქვენ იცით, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვართ. ევროკავშირს ძალიან მკაფიო, მტკიცე და ერთიანი პოზიცია აქვს, ჩვენ დავადასტურეთ, რომ ვართ მეგობრები, ახლო პარტნიორები და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. თქვენ იცით ჩემი პერსონალური ჩართულობა საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, რათა მხარი დამეჭირა ნებისმიერი მცდელობისთვის, სტაბილურობისთვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, კონკრეტული დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში.
ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ ევროკომისიასთან, ევროპარლამენტთან ერთად და გვსურს დავაფიქსიროთ მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა, შევინარჩუნოთ ყველა ძალისხმევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრით, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ.
ამ უკიდურესად მნიშვნელოვან, გამოწვევებით სავსე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად დავდგეთ, რათა მკაფიო გახდეს გზავნილი, რომ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს, მრავალმხრივ მიდგომას, გაეროს ქარტიისადმი სრულ პატივისცემას, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პრინციპები“, - განაცხადა შარლ მიშელმა.