სალომე ზურაბიშვილი: ვიმედოვნებ, ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა რუსეთის ხელისუფლების განზრახ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე გლობალური პასუხის შესახებ და რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის შესახებ.
 
სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისა და პრეზიდენტი ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე ერთგულებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისთვის.
 
„ვესაუბრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე. ამ რთულ პერიოდში, ვაფასებ ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ. მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის პროცესის მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი Facebook-ზე.