დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ესაუბრა. ამის შესახებ ჯონსონი Twitter-ზე წერს. პრემიერ-მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის უახლოეს საათებში გამართვა მოითხოვა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს, ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეტევა ელექტროსადგურზე და დაუშვას სასწრაფო დახმარების სერვისების შეუზღუდავი წვდომა სადგურზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტ პუტინის დაუფიქრებელმა ქმედებებმა შეიძლება, პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეტევა ელექტროსადგურზე და შესაძლებლობა მისცეს სასწრაფო დახმარების სამსახურებს, ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა სადგურზე“, - წერს ბორის ჯონსონი.
ცნობისთვის, გამთენიისას, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ნაწილში ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაპორიჟიეს კომპლექსში ხანძარი სასწავლო ცენტრში იყო და არა თავად ქარხანაში. Reuters-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის უზარმაზარი ატომური სადგური დაიკავეს.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს