შალვა პაპუაშვილი: საქართველოში, რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. მასობრივი შემოსვლა, დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. მასობრივ შემოსვლას, ეს არის ნაწილი იმ დისკრედიტაციული კამპანიის, რომელიც მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეთა მზარდი რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„საქმე არ გვაქვს მასობრივ შემოდინებასთან. ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის სახმელეთო საზღვარი, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან არის ჩაკეტილი. ლარსის საზღვარზე მხოლოდ ტვირთი გადმოდის და არ არის კერძო მიმოსვლა. ეს არის დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იმისათვის, რომ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში და არ იყო სიმშვიდე და მშვიდობა. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი, ამიტომაც მედიასაც განსაკუთრებით მოგიწოდებთ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავიდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ფაქტების ობიექტურად გაშუქება“, - განაცხადა განაცხადა პაპუაშვილმა.