რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთში არაერთი დამოუკიდებელი წყარო დაიხურა, ან მათ მუშაობა შეაჩერეს. BBC და Deutsche Welle შეიზღუდა. BBC-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კორპორაცია რუსეთში BBC-ის ყველა ჟურნალისტის მუშაობას მიღებული კანონის საპასუხოდ შეაჩერებს.
„ეს კანონმდებლობა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას „დანაშაულად“ აქცევს. სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ დროებით შევაჩეროთ BBC News-ის ყველა ჟურნალისტისა და მათი დამხმარე პერსონალის მუშაობა რუსეთის ფედერაციაში, ვიდრე შევაფასებთ ამ არასასურველი განვითარების სრულ გავლენებს. BBC News რუსულ ენაზე მაუწყებლობას რუსეთის ფარგლებს გარეთ განაგრძობს.
ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია და ჩვენ არ ვართ მზად, რომ ისინი სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ დავაყენოთ მხოლოდ მათი საქმის შესრულების გამო“, - აცხადებს ტიმ დევი.