„მინდა, გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას. იმიტომ რომ, თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. თუ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე“, - უკრაინის პრეზიდენტმა თბილისსა და სხვა ქალაქებში, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეებისადმი სამწუთიანი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მე მაქვს სამი წუთი, რომ მოგმართოთ. ეს პირველი წუთი მინდა, წუთიერი დუმილი მივუძღვნა სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულებს, ჩვენს ჯარისკაცებს, მათ, ვინც მსახურობდა სახანძრო ეკიპაჟში, მათ, ვინც მუშაობს პილოტად. ვინც ქვეყნის დასაცავად გმირობას სჩადის სხვადასხვა სფეროში და ამისთვის სიცოცხლე გაწირა. მოვიხსენიოთ მათი სულები.
მეორე წუთი მინდა მივუძღვნა ჩვენი მოქალაქეების ხსოვნას, სამოქალაქო საზოგადოებას. იმ ადამიანებს, მოზრდილებს და ბავშვებს, რომელთა რაოდენობაც ათეულობით და ასეულობითაა, ისინი ვინც დაიღუპნენ და თავიანთი სიცოცხლე შესწირეს თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მოვიხსენიოთ ისინი წუთიერი დუმილით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თუკი უკრაინა გაიმარჯვებს ეს იქნება დემოკრატიის გამარჯვება, თავისუფლების გამარჯვება, სინათლის სიბნელეზე გამარჯვება.
,,მესამე წუთი მინდა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპელ ხალხს. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ. მინდა, გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას. იმიტომ რომ, თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. ამიტომ გთხოვთ, ნუ გაჩუმდებით. ამაზე თვალი არ დახუჭოთ. გამოდით უკრაინის მხარდასაჭერად. თუ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე. თუ გავიმარჯვებთ, ჩვენ ისეთივე აყვავებულები ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვებით. დიდება უკრაინას. თბილისი, პარიზი, ლიონი, ბრატისლავა, ფრანკფურტი, ვილნიუსი, პრაღა თქვენ დღეს ყველანი უკრაინელები ხართ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის ფორმატში თბილისის გარდა, ევროპის 6 ქალაქში შეკრებილ ხალხს მიმართა.