პუტინის მეგობარ გერჰარდ შრიოდერს ჰანოვერის საპატიო მოქალაქეობა ჩამოერთვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა შესაძლოა, პრივილეგიებითა და ტიტულებით ვეღარ ისარგებლოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტაზე უარი თქვა. SPD-ის (გერმანიის სოციალ‑დემოკრატიული პარტია) რეგიონულმა ფილიალმა დაიწყო პროცედურა შრიოდერის პარტიიდან გარიცხვის მიზნით. პარტიიდან გარიცხვა ხანგრძლივ პროცესია, აქედან გამომდინარე, განიხილავენ სხვა ვარიანტებს, როგორიცაა, მისი მანდატის დროებით შეჩერება.

იმავდროულად, გერმანიის გადასახადების გადამხდელთა ასოციაციამ მოითხოვა, შრიოდერს მოეხნას სახელმწიფოს მიერ დაწესებული პრივილეგიები, რომლითაც ის როგორც ყოფილი კანცლერი სარგებლობს. გარდა ამისა, შრიოდერი იღებს სახსრებს ბერლინში მისი ოფისის შესანარჩუნებლადაც, საიდანაც პროტესტის ნიშნად ოთხმა თანამშრომელმა თანამდებობა უკვე დატოვა. ყოფილ კანცლერს ასევე ჩამოერთმევა რამდენიმე საპატიო ტიტული, როგორიცაა, ჰანოვერის საპატიო მოქალაქეობა და საფეხბურთო კლუბ „დორტმუნდის“ ბორუსიას საპატიო წევრობა. 

77 წლის გერჰარდ შრიოდერი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ოპერატორის, კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე, რუსული ენერგეტიკული კომპანია Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მეგობარია. Rosneft-ი იმ კომპანიების სიაშია, რომლებზეც ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. აღსანიშანვია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დამტკიცების პროცესი გერმანიამ 22 თებერვალს შეაჩერა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. შრიოდერი ასევე აპირებს, შეუერთდეს რუსული „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც თავმჯდომარის პოზიციაზე ჯერ კიდევ 4 თებერვალს გავრცელებული ცნობებით, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს შეცვლის. გერმანიის პოლიტიკაში შრიოდერს რუსეთთან კარგი პოლიტიკური და საქმიანი ურთიერთობების დამცველად თვლიან. გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი 1998 წლიდან 2005 წლამდე იყო. 


ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გერჰარდ შრიოდერმა რუსული კომპანიები უნდა დატოვოს.