საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მთავარ გამოწვევებს შორის რეგიონში წლევანდელი კონფლიქტი დაასახელა.
„მეორე გამოწვევა, ამ წლის, იყო კონფლიქტი ჩვენს რეგიონში - ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე - ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.
ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან გამოწვევას შორის ევროატლანტიკური გზაც დაასახელა - „რადგან თუ დრო მოსულია, რომ სიტყვებს საქმეც მოჰყვეს: ახალი ეტაპი იწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით და ამავე დროს საქართველომ უნდა დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი და უნიკალური ადგილი ასოცირების ფარგლებში, ჩვენივე მოწოდებებით და მოთხოვნებით. ნატოს თავისთავად ახალი არეალი ეხსნება, სადაც საქართველოს ბუნებრივად უჭირავს უნიკალური ადგილი - შავი ზღვა. ამ ყველა გამოწვევასთან გამკლავება კი მოითხოვს ერთიან, კონსოლიდირებულ ქვეყანას და საზოგადოებას.
სამწუხაროდ, შარშანდელივით პოლარიზაცია წელსაც ვერ გადავლახეთ. ამ წლის დასაწყისში ქვეყანა პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. ამ ჩიხიდან გამოსვლისთვის და ვითარების განმუხტვისთვის, მივიღე ჩემთვის პირადად, უმძიმესი გადაწყვეტილება. ყველას ძალისხმევის შედეგად და მინდა ელჩ ფაცილიტატორებს მადლობა გადავუხადო – მოგვეცა წინსვლის საშუალება: მიღებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები. შემდგომ კი საარჩევნო კოდექსი. არჩევნები ჩატარდა და შეფასებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. ამის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რჩება პოლარიზებული. დროა, პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას და რაზედაც ვისაუბრეთ ეხლა და ალბათ ისაურებთ ამ დღეებში.
საკმაოდ რთული წელი გველოდება, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი ცვლილებების ჟამს, დიდ გამოწვევებთან ერთად, ჩნდება დიდი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, მოულოდნელი შანსები, მათთვის, ვისაც უნარი გააჩნია დაინახოს და მოერგოს ახალ რეალობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.