Europetime-მა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების დღევანდელი სხდომიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი შეკრიბა.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა. საქართველო დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ საყრდენად რეგიონში.
_ვიზიტი ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას. რაც შეეხება აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, საქართველოსთვის მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, NATO-ში ინტეგრაციის კუთხით.
ოკუპაცია
_საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, დეოკუპაციაზე, დევნილების დაბრუნებასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საქართველოს მთელი დიპლომატიური სისტემა და შედეგად, დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში, მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე და მოუწოდებს მოსკოვს, საოკუპაციო ძალები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან.
2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადება
_ეს უმთავრესი გეგმაა. ეს პროცესი ასევე ითვალისწინებს საქართველოზე ევროკავშირის ოთხი თავისუფლების თანდათანობით გავრცელებას, რაც საქართველოს და ევროკავშირს ერთ სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში აქცევს და საფუძველს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, განსაკუთრებით აქტუალური იქნება ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციისა და ევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება.
NATO-ზე
_NATO-სთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მოსამწიფებლად, საჭიროა დედაქალაქებში მუშაობა და ერთ-ერთი მთავარი დედაქალაქი არის ვაშინგტონი.
გარკვეულ იმედს მისახავს, რომ 2030-ის სტრატეგიაში დეფინიცია, დაიწყოს საქართველოსთან და უკრაინასთან ღია კარის პოლიტიკაში გაწევრიანების მოლაპარაკებები, უფრო მაღალ დონეზეა. ეს არის კარგი საფუძველი იმისა, რომ დედაქალაქებში ამ მიმართულებით ინტენსიური გავხადოთ მუშაობა.
გავშლით ამ მიმართულებას, როგორც ორმხრივი, სტრატეგიული ფორმატების ფარგლებში, ისე ნებისმიერი ინდივიდუალური შეხვედრების, თუ ვიზიტების დროს. ისევე როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტი, ეს ახალი ელემენტია, ახალი განზომილებაა, სადაც ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების რეალობაში განხორციელებაზე ვსაუბრობთ და თუნდაც აპრილის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ არის საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გახშირებულ წვრთნებზე, ამაზე იქნება აქცენტები.
ჟენევის ფორმატი
_ჟენევა არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით რუსეთს ვესაუბრებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. ჩემს გამოსვლაში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე ჟენევაზე, როგორც მთავარ ფორმატზე, რომელიც სამ ძირითად ფუნდამენტზეა დაფუძნებული.
ეს არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალის არგამოყენების ვალდებულებასთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნება ადგილზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. სამწუხაროდ, ამ სამი მიმართულებიდან არც ერთზე კონკრეტული ხელშესახები შედეგი არ არის, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჟენევაზე. იმიტომ, რომ ჟენევა არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით რუსეთს ვესაუბრებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი
_საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია თუ არ არის, ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის იგივე ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის. ეს თემა ესმის ოკუპანტსაც და მას აქვს სხვადასხვა ბერკეტი, რათა პროცესი წინ არ წავიდეს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ არ მივცეთ მათ საშუალება, ამ პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს.
ძალიან გამიჭირდება, გითხრათ, რა დროში და რა პერიოდში დასრულდება. 26-ე წელია, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ გადაწყვიტა. ორივე მიმართულებით, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთან 66 პროცენტი შეთანხმებულია. დარჩენილია დანარჩენი, მათ შორის დავით გარეჯი, რომელიც ურთულესი, ყველაზე სენსიტიური და მწვავე თემაა. მაგრამ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალი კომისიის ფარგლებში, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს.
იცით თქვენ, ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უამრავი ვარიანტის დამუშავება მიმდინარეობს, გვაქვს იდეაში. რა თქმა უნდა, კიდევ არის სხვა გამოსავალი, წახვიდე და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წაიღო ეს თემა. ესეც არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდეს და ეს არ გახდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის საგანი. გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებ, ძალიან გამიჭირდება, გითხრათ, დროის რა პერიოდში მოხდება ეს, მაგრამ პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ.
ოპოზიციის ბოიკოტი და საერთაშორისო პარტნიორები
_ყველა ჩვენი პარტნიორი ოპოზიციას მოუწოდებს, თავი დაანებონ ბოიკოტს. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სრულად ინფორმირებულები არიან, მათ ძალიან კარგად იციან, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში.
ჯეიმს აპატურაიმ, პირდაპირ თქვა, რომ NATO-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს. ამაზე უფრო მკაფიოდ, როგორ შეიძლება, შეაფასო ეს პროცესი. როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი მოუწოდებს, რომ თავი დაანებონ ბოიკოტს და საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი. ამაზე მკაფიოდ მეტი რა თქვან.
აბსოლუტურად ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ყველასთვის, რომ საქართველოს, ამ გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონსოლიდაცია. არჩევნები არის აღიარებული. ეუთო/ოდირის მხრიდან არის ნათქვამი, რომ იყო კონკურენტული, დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება, მონაწილეობა ამომრჩევლის იყო უპრეცედენტოდ მაღალი და ასევე პანდემიის პირობებში დაცული ყველა სტანდარტებით, ახალ, რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში, ახალი კონსტიტუციით. ნუ ახლა, ხარვეზებზე საუბრობენ ყველგან, ვერ მეტყვით ერთ ქვეყანას. აიღეთ OSCE/ODIHR-ის დასკვნა ნებისმიერ ქვეყანაზე, სადაც იქ ხარვეზებზე საუბარი არ არის. მით უფრო, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მზაობა გამოხატულია, რომ მოდით, პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა ვილაპარაკოთ ამაზე.