ამ კვირის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში დაბადებული ოლიგარქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 60 წლის მიხაილ უოტფორდი საკუთარ ვილაში გარდაცვლილი იპოვეს. სურეის საგრაფოს პოლიცია ადგილზე 28 თებერვალს, (Portnall Drive, Wentworth) შუადღისას გამოიძახეს. BBC-ის ინფორმაციით, გამოძიება გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს, მაგრამ სურეის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის რაიმე საეჭვო გარემოება არ იკვეთება.
უოტფორდი 1955 წელს, მაშინდელ საბჭოთა უკრაინაში დაიბადა, მაგრამ საცხოვრებლად 2000-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში გადავიდა. The Sunday Times-ის მიხედვით, მან ქონება ნავთობისა და გაზის ბიზნესში დაგროვა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უოტფორდმა დიდ ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ სახელი შეიცვალა.
ოჯახის მეგობარმა The Sun-თან განაცხადა, რომ ოლიგარქის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, შესაძლოა, გავლენა იქონია უკრაინაში არსებულმა სიტუაციამ. „მისი გარდაცვალების დრო და უკრაინაში შეჭრა ნამდვილად არ იყო შემთხვევითი“, - ამბობს ოლიგარქის ოჯახის ახლობელი ბრიტანულ მედიასთან.
„უოტფორდის სიკვდილი მისი თანამოაზრეებისთვის კითხვებს აჩენს დიდ ბრიტანეთში რუსეთის მოქალაქეებისა და თანამოაზრეების სხვა საეჭვო გარდაცვალების შემდეგ, ამიტომ, ბუნებრივია, სპეკულაციები იარსებებს“, - წერს The Sun. სხვა წყაროების ცნობით, მიხაილ უოტფორდი სასახლის ავტოფარეხში ჩამომხრჩვალი იპოვეს.