თეგი: ბიზნესი

კომპანიები, რომლებიც რუსეთს ტოვებენ

რიგმა კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, ზოგიერთმა ფირმამ, მათ შორის Apple-მა, Jaguar Land Rover-მა, H&M-მა და Burberry-მ, განაცხადეს, რომ რუსეთში საქმიანობას შეაჩერებენ. ზოგი ჯერ კიდევ განიხილავს ამ საკითხს, ან ქვეყანას არ ტოვებს. BBC სფეროების მიხედვით წერს იმ ფირმებზე, რომლებმაც რუსეთის დატოვება გადაწყვიტეს, ან ქვეყანაში რჩებიან. Europetime სტატიას BBC-ის და ზოგიერთი უკრაინული წყაროს მიხედვით გთავაზობთ. ნავთობი და გაზი BP რუსულ „როსნეფტში“ 20%-იან წილს თმობს. მას მოჰყვა Shell-ის, ExxonMobil-ისა და Equinor-ის ანალოგიური გადაწყვეტილებებიც. იმავდროულად, Total Energies-მა, კიდევ ერთმა მსხვილმა მოთამაშემ რუსეთში, განაცხადა, რომ არ დააფინანსებს ახალ პროექტებს ქვეყანაში, მაგრამ მისი კოლეგებისგან განსხვავებით მიმდინარე ინვესტიციების დათმობას არ გეგმავს. ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რა ბედი ელის ამ ინვესტიციებს - შესაძლებელია თუ არა მათი გაყიდვა, მათი ღირებულების გარკვეული ნაწილის ანაზღაურება, თუ ისინი უბრალოდ ჩამოიწერება.  გართობა Warner Bros-ი ახალი ფილმების გავრცელება აჩერებს. ამერიკულ გიგანტს შეუერთდნენ დისნეი, სონი, Turning Red. Marvel-ის და Morbius-ის პრემიერებიც გაუქმდა. ყველა კომპანიამ განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა „ჰუმანიტარულ კრიზისს“ უკრაინაში და არა დაწესებულ სანქციებს. ტექნიკა Apple-მა შეაჩერა ყველა პროდუქტის გაყიდვა რუსეთში და შეზღუდა სხვა სერვისები, როგორიცაა Apple Pay და Apple Maps. დახურულია მისი მაღაზიებიც. ამასთან, Xiaomi-სა და Apple-ის გარდა, Samsung -ი, სმარტფონების წამყვანი მიმწოდებელი რუსეთში, გაყიდვებს შეაჩერებს. BBC წერს, რომ ჯერ გაურკვეველია, დაიხურება თუ არა სამსუნგის მაღაზიები. საცალო ვაჭრობა შვედური ავეჯის გიგანტი Ikea გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შეაჩერა თავისი ფუნქციონირება რუსეთში, დაზარალდა 17 მაღაზია, თუმცა Ikea-ს მფლობელი კომპანია მეგა სავაჭრო ცენტრებს ინარჩუნებს. კიდევ ერთმა შვედურმა გიგანტმა H&M-მა უკვე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ბრენდი მიჰყვება მას, იტყობინება საცალო საკონსულტაციო კომპანია GlobalData-ს წარმომადგენელი, მაურინ ჰინტონი. Zara რუსეთში 500-ზე მეტ მაღაზიას დახურავს. იხურება Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Zara Home და Uterqüe. Inditex -ში BBC-ს განუცხადეს, რომ ვიდრე სერვისები „დროებით შეჩერებულია“. რუსეთში დაფუძნებული 9000 თანამშრომლის მხარდასაჭერად, გეგმას ადგენენ. ბრიტანულმა მოდის ფირმა Boohoo-მ ასევე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და ასევე დახურა ვებგვერდი ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ H&M-მა მიზეზად უკრაინაში „ტრაგიკული მოვლენები" დაასახელა, სხვა ბრენდებმა, როგორიცაა Nike, უბრალოდ განაცხადეს, რომ ამჟამად ვერ უზრუნველყოფენ საქონლის მიწოდებას რუსეთში. Burberry-მ განაცხადა, რომ აჩერებს ყველა გადაზიდვას, რადგან „შეკვეთების შესრულება რუსეთში“ გართულდა. ავტომობილები Jaguar Land Rover (JLR), General Motors, Aston Martin და Rolls-Royce არიან ავტომობილების მწარმოებლები, რომლებმაც რუსეთში მანქანების მიწოდება შეაჩერეს, ხოლო სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელმა JCB-მ ყველა ოპერაცია შეაჩერა. ზოგიერთ ავტომწარმოებელს, როგორიცაა Volkswagen-ი და BMW, ზოგიერთ ევროპულ ქარხანაში წარმოების შეჩერება მოუწიათ. ვინ რჩება? Marks & Spencer-ს რუსეთში 48 მაღაზია აქვს. მაგრამ მათ მართავს თურქული ფრენჩაიზის კომპანია FiBA. M&S-მა განაცხადა, რომ აჩერებს თავისი საქონლის მიწოდებას FiBA-ს რუსული ბიზნესისთვის, მაგრამ მაღაზიები ქვეყანაში ღია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკული კოპანია, მათ შორის Nike, Apple, ExxonMobil და Harley-Davidson, გავიდა რუსეთიდან, ზოგიერთი ყველაზე ცნობილი კორპორაცია ჯერ კიდევ ქვეყანაშია. მაგალითად, „მაკდონალდსი“ და „პეპსი“. უკრაინაში „სუპერმარკეტების“ სამმა ქსელმა „კოკა კოლას“ გაყიდვა აიკრძალა, რადგან მათი განმარტებით, „ეს უსირცხვილო კომპანია აგრძელებს მუშაობას დამპყრობლებისთვის”. ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

სურეის პოლიცია უკრაინაში დაბადებული რუსი ოლიგარქის გარდაცვალების საქმეს იძიებს

ამ კვირის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში დაბადებული ოლიგარქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 60 წლის მიხაილ უოტფორდი საკუთარ ვილაში გარდაცვლილი იპოვეს. სურეის საგრაფოს პოლიცია ადგილზე 28 თებერვალს, (Portnall Drive, Wentworth) შუადღისას გამოიძახეს. BBC-ის ინფორმაციით, გამოძიება გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს, მაგრამ სურეის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის რაიმე საეჭვო გარემოება არ იკვეთება.  უოტფორდი 1955 წელს, მაშინდელ საბჭოთა უკრაინაში დაიბადა, მაგრამ საცხოვრებლად 2000-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში გადავიდა. The Sunday Times-ის მიხედვით, მან ქონება ნავთობისა და გაზის ბიზნესში დაგროვა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უოტფორდმა დიდ ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ სახელი შეიცვალა.  ოჯახის მეგობარმა The Sun-თან განაცხადა, რომ ოლიგარქის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, შესაძლოა, გავლენა იქონია უკრაინაში არსებულმა სიტუაციამ. „მისი გარდაცვალების დრო და უკრაინაში შეჭრა ნამდვილად არ იყო შემთხვევითი“, - ამბობს ოლიგარქის ოჯახის ახლობელი ბრიტანულ მედიასთან. „უოტფორდის სიკვდილი მისი თანამოაზრეებისთვის კითხვებს აჩენს დიდ ბრიტანეთში რუსეთის მოქალაქეებისა და თანამოაზრეების სხვა საეჭვო გარდაცვალების შემდეგ, ამიტომ, ბუნებრივია, სპეკულაციები იარსებებს“, - წერს The Sun. სხვა წყაროების ცნობით, მიხაილ უოტფორდი სასახლის ავტოფარეხში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მსოფლიოში ყავის მეოთხე მსხვილი მწარმოებელი Tchibo, რუსული ბიზნესიდან გავიდა

რუსული მედიის ცნობით, გერმანულმა კომპანია Tchibo GmbH, რომელიც ყავის მეოთხე მწარმოებელია მსოფლიოში, რუსული ბიზნესი დატოვა.  იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის თანახმად, ივლისში ჩიბო შპს Chibo CIS-ის მფლობელობიდან გავიდა.  გამოცემის წყაროს ცნობით, 2022 წლის ბოლომდე Cibo CIS-მა შეინარჩუნა Tchibo-სა და Davidoff-ის ყავის ბრენდების გამოყენების უფლება, რის შემდეგაც კომპანიამ ყავის მიწოდება ახალი ბრენდით უნდა დაიწყოს.  Tchibo GmbH, გერმანელ მეწარმეთა ჰერცის ოჯახს ეკუთვნის და გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და უნგრეთში ყავის უმსხვილესი მომწოდებელია. კომპანიის ბრუნვამ 2020 წელს 3,13 მილიარდი ევრო შეადგინა. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ათასზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი დატოვებენ რუსეთს ან შეზღუდავენ თავიანთ საქმიანობას ქვეყანაში.  

უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანიები, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ტოვებენ

ჩინეთის ხუთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვება გადაწყვიტა. South China Morning Post-ის ცნობით,  ჩინეთის ნავთობკომპანიები PetroChina და Sinopec-ი, ასევე Aluminium Corp-ი, ჩინეთის (Chalco), Sinopec Shanghai Petrochemical-ი და მზღვეველი China Life Insurance ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან გასასვლელად ემზადებიან. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვების მიზეზად, კომპანიები აუდიტის შესახებ აშშ-ჩინეთის დავას ასახელებენ. მხარეების აზრი გაიყო ერთ საკითხზე, რომ უნდა შეამოწმოს თუ არა ჩინური კომპანიები აშშ-ის საზედამხედველო ორგანომ.  ბოლო წლებში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია, ბევრი ჩინური კომპანიის საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობით არეგულირებდა. კანონი ითვალისწინებს, რომ კომპანია მოიხსნება საფონდო ბაზრებიდან, თუ აუდიტის მოთხოვნებს ზედიზედ 3 წლის განმავლობაში არ შეასრულებს.    

თურქეთის ფინანსთა მინისტრი: სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის განცხადების გამო, თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ

თურქეთის ფინანსთა მინისტრი ნურედინ ნებათი, ამერიკის ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადიემოს მიერ, თურქეთის ბიზნესწრეებთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. აშშ ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს ნურედინ ნებათმა განაცხადა, რომ თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში და ამიტომ, აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების გამო არ უნდა დაფრთხნენ.   „აზრს მოკლებულია, რომ თურქეთის საქმიანი წრეების მისამართით გაგზავნილმა წერილმა შეშფოთება გამოიწვიოს ბიზნეს წრეებში. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. ჩვენმა საქმიანმა წრეებმა, ყოველთვის უნდა იგრძნონ გვერდით, სახელმწიფოს ძალა“, – წერს ფინანსთა მინისტრი. ნებათის თქმით, თურქეთი მოწოდებულია, განავითაროს კომერციული ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმში, ისეთ ჩარჩოებში, რომელიც სანქციების საგანი არ არის. გასულ კვირას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს.  

ყაზახეთი, რუსეთიდან გასული 250 დასავლური კომპანიის რელოკაციაზე მუშაობს

ყაზახეთის ხელისუფლება, 250 დასავლური კომპანიის თავის ბაზარზე გადაყვანაზე მუშაობს, რომლებმაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა განაცხადა. მისი თქმით, 45 უცხოურმა კომპანიამ უკვე გადაწყვიტა ყაზახეთის ბაზარზე შესვლა. „ახლა ვახორციელებთ გადაადგილების სამუშაოებს. კერძოდ, 250-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც დატოვეს რუსული ბაზარი, ძირითადად დასავლური კომპანიებია, რომლებიც არასასაქონლო სექტორებში საქმიანობდნენ. ჩვენ შევადგინეთ სამიზნე სია, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ყაზახეთი დაინტერესებულია, რათა, ჩვენს ბაზარზე სამუშაოდ ჩამოვიდნენ“, - განაცხადა სმილოვმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ყაზახეთში საინვესტიციო პროექტებს გაზრდის. მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლებამ თითოეული კომპანიისთვის სამუშაო ჯგუფები შექმნა, რათა მათ გადაადგილებაში დაეხმარონ. კომპანიებს შორის, რომლებიც გეგმავენ ყაზახეთში ჩამოსვლას, სმილოვმა Skoda, GE Healthcare, Philips-ი დაასახელა. Honeywell-მა უკვე გახსნა თავისი წარმოება ალმათიში. ივლისში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, მთავრობას დაავალა უცხოური ბიზნესის ყაზახეთში გადატანისთვის ხელსაყრელი პირობები მოამზადოს.  

თოყაევი: რუსეთიდან ყაზახეთში, 50-მდე საერთაშორისო კომპანია გადმოვიდა

ამჟამად 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთიდან ყაზახეთში გადმოვიდა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს რეგიონში მოგზაურობისას, ალმათის ოლქის საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, არაპროდუქტიულია კომპანიების დიდ ქალაქებში კონცენტრირება. აკიმატმა უნდა შეიმუშაოს ასეთი ინდუსტრიების განთავსება ალმათის მახლობლად BAKAD-ის პერიმეტრზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკას. „ეს საკითხი განიხილეთ მთავრობასთან და კომპანიებთან. რეგიონული ცენტრი უნდა გახდეს „კონტრმაგნიტი“ ალმათისთან მიმართებაში. ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ინვესტორებს ახალი საწარმოო ობიექტების გასახსნელად, მათ შორის ისეთი კომპანიებისთვისაც, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან გადაადგილდებიან. ეს საკითხი ახლა უნდა დამუშავდეს უცხოელ პარტნიორებთან შეუფერხებელი და შეუფერხებელი ვაჭრობის მიზნით“, - განაცხადა თოყაევმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში არაერთი მსხვილი ექსპორტიორი საწარმო ფუნქციონირებს, საიდანაც გადასახადების ძირითადი წილი გროვდება.  „ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ წარმოების გაფართოებაში, რისთვისაც სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებებს გავატარებთ. ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა წინადადებები ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

ლევან დავითაშვილი რუსეთიდან კომპანიების რელოკაციეზე: ეს აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესებია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოში უცხოური ბიზნესების რელოკაცია დადებითი ტენდენციაა. ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოში ხდება აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესების რეგისტრაცია. „რაც შეეხება ბიზნესებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ეს არის აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში, თავიანთი სერვისებისა და ოფისების გადმოტანა და რელოკაცია მოეხდინათ. ასევე, დარეგისტრირებული ბიზნესებიდან 1%-ზე ოდნავ მეტია, სადაც რუსული კაპიტალი მონაწილეობს. შესაბამისად, ესეც ძალიან მცირე რაოდენობაა საერთო ბიზნესებში და ეს ვერანაირ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვერ უნდა წარმოადგენდეს. აქაც შეიძლება აღინიშნოს, რომ უმრავლესობა, როდესაც ვსაუბრობთ რუსული კაპიტალით შექმნილ ბიზნესებზე, არის ეთნიკურად ქართველების მიერ დაარსებული ბიზნესები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში გადმოდიან. რაც შეეხება სტატისტიკას, დაახლოებით 900 ათასი რეგისტრირებული კომპანიიდან 10 ათასამდეა, სადაც რუსეთის მოქალაქეების გარკვეული მონაწილეობაა მთლიანად საქართველოში, არა მხოლოდ ამ პერიოდში. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ან არის უცხოური კომპანიების ოფისები, რომლებიც, პირველ რიგში, ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებულები, რომ რუსეთიდან მოეხდინათ რელოკაცია, ან კომპანიები, რომლებიც შექმნილია, ძირითად, ეთნიკურად ქართველების მიერ, რომლებიც მოგვმართავენ ხოლმე საინვესტიციო ბინადრობაზეც“, - აღნიშნა დავითაშვილმა.   

ბიზნესთან ერთად სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში იმისთვის, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს - ხუციშვილი

საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არსებობა, თავისუფალი შრომის ბაზარი, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია, სახელმწიფო ინვესტიციები, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორი. „2022 წელი მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის კუთხით, იყო საკმაოდ წარმატებული. ამ წელს, მთავრობის ვალი დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს და ჩამოსცდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, შევამცირეთ და დავასტაბილურეთ ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაცია, აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო ვალის დოლარიზაციის მაჩვენებელიც“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის“ შეთანხმება უფრო და უფრო იკრებს ძალას და მეტად ხელშესახები ხდება. „აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია გასულ წელს თურქეთთან დადებული დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულება, რითაც შესაძლებელი გახდა თურქული შუალედური პროდუქტის გამოყენებით საქართველოში წარმოებულ საბოლოო პროდუქტზეც გავრცელდეს DCFTA-ის რეჟიმი“, - განაცხადა ხუციშვილმა. მინისტრის თქმით, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტია შრომის ბაზრის თავისუფლება, მინიმალური საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია. მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო ინვესტიციების, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობაზე. „საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია ფინანსთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პროექტების ეფექტურობას განსაზღვრავს. ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიცია, რომელიც ბიუჯეტიდან ხორციელდება, წინასწარ გადის შესაბამის შეფასებას და მხოლოდ ამის შემდგომ აისახება ბიუჯეტში. ამ ეტაპზე, ჩვენ ავიღეთ ზღვარი 20 მლნ ლარის ოდენობით და ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება და ამ ზღვარს აღემატება, გადის შესაბამის ეკონომიკურ დასაბუთებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი იმპლემენტაცია. ბუნებრივია, ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს და რომელზედაც ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, იმ კრიტერიუმების შესაბამისად არის შერჩეული, სადაც ქვეყანა უნდა ახორციელებდეს ინვესტიციებს. მაგალითად, ჩვენ ვაშენებთ ჩქაროსნულ მაგისტრალს, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციებს სატვირთო გადაზიდვებსა და ტრანზიტის პოტენციალის ათვისებას; ვაკეთებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რათა ტურისტებისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ესა თუ ის საკურორტო ადგილი, იქ წახალისდეს კერძო ინვესტიციებიც. რუმინეთთან, უნგრეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შავი ზღვის კაბელის პროექტს, რათა ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობას, მეორე მხრივ, ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში, როგორც საქართველოში, აგრეთვე ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, რათა მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები და უკეთ გამოვიყენოთ სატრანზიტო დერეფანი, ასევე, არის ენერგეტიკის სფერო, სადაც იგეგმება წახალისების ახალი სქემის შემოტანა, რომელიც შეთანხმებულია ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიზნესთან ერთად, სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას.  

ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები, იზრდება ვაჭრობა - ღარიბაშვილი

ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ფასებმა დაიწია, ჩვენი ამოცანა წელს უნდა იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება - ღარიბაშვილი   „მინდა, რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გაცნობოთ, ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები. მაგალითად, პირველ კვარტალში 1 200 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია, თუ შევადარებთ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდს, ესაა თითქმის 110%-ანი მატება. ასევე ვაჭრობა იზრდება, პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში ექსპორტის 25%-ანი ზრდა დაფიქსირდა და შეადგინა 1.461 მილიარდი დოლარი, რაც პირველი კვარტლის რეკორდულ მოცულობას გაუტოლდა,“- აღნიშნა პრემიერმა.  

პრეზიდენტი: რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მისი თქმით, რაც უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. „რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მთელ მსოფლიოში ისიც არსებობს, რომ დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ არიან ერთმანეთისგან ჩამოშორებული, მაგრამ, რაც მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. ეს არის ის, რაც შემიძლია თქვენ გისურვოთ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. მანვე განმარტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი. „ვიცი, აქ ვინც ხართ, ახსნაც არ არის საჭირო, თუ რამდენად სჭირდება ამ ქვეყანას ევროპასთან დაახლოება, გზის ბოლოს კი ევროკავშირში გაწევრიანება. თქვენ სწორედ იმ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ხართ, რომლის მომავალი და განვითარება დამოკიდებულია, ერთი მხრივ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან მჭიდრო კავშირზე, ასევე მათ აქ შემოსვლაზე, ევროკავშირის ბაზარზე უფრო აქტიურად გასვლაზე. ჩვენ კი გვაქვს თეორიულად მოცემულობა, რომ ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკაში ეს არ არის ისე გამოყენებული, როგორც ამის შესაძლებლობა არსებობს. მეტი დაფინანსება სჭირდება, მეტი მხარდაჭერა, რომ ევროკავშირის სტანდარტები იყოს შესრულებული. უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი. ამ ყველაფერს მეტი გავრცობა უნდა და ბიზნესის ინფორმირება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

გერმანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციის პროექტს ახორციელებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციას აფინანსებს.   გერმანიის საელჩოს ცნობით, პროცესში ჩართულია გერმანიის მთავრობის მრავალწლიანი პარტნიორი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა(GCCI). მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლიდია კრისტმანმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოტაშვილმა და პროექტის „DT4SME“ დირექტორმა ბატონმა ნიკლას რუფერმა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარდა) მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას. პროექტის პირველ ეტაპზე  შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ სიღრმისეული ციფრული ბიზნეს-საჭიროებების დიაგნოსტიკა, აღნიშნული შედეგების საფუძველზე წამყვანი ექსპერტების მიერ შემუშავდება მათ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური ტრენინგ პროგრამა. ტრენინგების პარალელურად მონაწილეები ისარგებლებენ დარგის წამყვანი ექსპერტების მაღალკვალიფიციური ინდივიდუალური კონსულტაციებით. პროექტი შესაძლოა, მოიცავდეს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება ციფრული მარკეტინგი  და სოციალური მედია ხელოვნური ინტელექტი და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება პროგრამული უზრუნველყოფა (HR ადმინისტრირება;საბუღალტრო; საგადასახადო) მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა ელექტრონული კომერცია, ონლაინ გადახდები და სხვა