ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც სუს-ში აცხადებენ, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასიური და უკონტროლო შემოდინების შესახებ. მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.