საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ჩხენკელის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. მისივე თქმით, 2020 წლის განმავლობაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ 2020 წელს საქართველოს მასშტაბით დასრულდა 20 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. 2021 წელს იგეგმება მიმდინარე მშენებლობების დასრულება, რის შედეგადაც განათლების სისტემას 60 ახალი სკოლა შეემატება.
ჩხენკელმა მასწავლებლებსა და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ"- განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, 2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა. ამასთან, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების განვითარებაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე. მათ შორის, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებასა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ასეთი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება.
რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წელს მანდატურის სამსახური დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდა.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის პროცესში პედაგოგების ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში დღის წესრიგში დადგა კულტურული ცხოვრების შენარჩუნებისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც გატარდა.
როგორც ჩხენკელმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტროს მიერ სრულად შენარჩუნდა კულტურის საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მიიმართა.
მინისტრობის კანდიდატმა საერთაშორისო მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართული კინოს მონაწილეობა საერთაშორისო კინოფორუმებში: რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ წარდგენილია საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსით, ოსკარის ნომინაციაზე.
მიხეილ ჩხენკელმა კულტურის მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური და ბოლნისის რეგიონული მუზეუმები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდათ. ჩხენკელის ინფორმაციით, სოციალური დახმარებით 14799 სტუდენტმა ისარგებლა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, გარდა იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მყისიერად გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, სასწავლო გეგმები და შეფასების სისტემა მოდიფიცირდა ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. მათ შორის, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წარმატებულ სტუდენტებზე გაცემულ სახელმწიფო სტიპენდიებს 16 უმაღლესი სასწავლებლის 3243 სტუდენტი მიიღებს.
მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების შემდგომ განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით ფუნდამენტური კვლევებისთვის და 2021 წელს საგრანტო კონკურსი განახლებული კონცეფციითა და მასშტაბით გამოცხადდება.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
მინისტრობის კანდიდატი შეეხო სპორტის თემასაც.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მასპინძლობის მხარდაჭერას. სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც ქვეყანაში სპორტული ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს. მსოფლიო პანდემიით გამოწვეული რეალობის მიუხედავად, 2020 წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ასევე შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ, რომელიც მზად არის პარლამენტში წარსადგენად.