აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მისი „საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებაზე“ საუბრობს და ოპონენტებს მის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. მისი კომენტარი 8 მარტს, კიევის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა.
„რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და „ნაცმოძრაობის“ სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ,,მოიცალეს” ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის. რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას და თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში და კონკრეტული ნაბიჯებით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ აჭარაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მასპინძლობისთვის!
რაც შეეხება ჩემს აკადემიურ მიღწევებს და კიევის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხს. ყველა ოფიციალური ინფორმაცია, რაც განთავსებულია აჭარის მთავრობის შესაბამის პორტალებზე და ჩემთან დაკავშირებულ საჯარო წყაროებში შეესაბამება სრულ სიმართლეს!
2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა.
შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი; შეგნებულად თავს ვიკავებ ცალკეული ორგანიზაციების განცხადებებზე რომელთაც არ აქვთ იურიდიული მნიშვნელობა. P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?! მე იქეთ მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!“, - წერს თორნიკე რიჟვაძე.