ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ოტმარ კარასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, ვიტოლდ ვაშჩიკოვკისთან, ურმას პაეტთან და ჟელიანა ზოვკოსთან, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერთან, ასევე, ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა კომიტეტის წევრებთან.
„შეხვედრებისას საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი მძიმე ვითრება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და თანამშრომლობის გზები მათთან გამკლავების კონტექსტში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის შემდგომი ნაბიჯები. ქართულმა მხარემ, ასოცირებული პარტნიორების მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ევროპული მხრიდან მკაფიო გზავნილების აუცილებლობას ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პარტნიორების მხარდაჭერისა და მათთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.