სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა 2008 წლის ომის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების სამი „მაღალჩინოსანის“ დაკავების ორდერზე განაცხადი შეიტანა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს ბრალდება შემდეგი მუხლებით წაუყენეს: უკანონო პატიმრობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა და მძევლების აყვანა და უკანონო გადაცემა.
„თუ წინასასამართლო პალატა დაამტკიცებს ჩემს განაცხადს დაკავების ორდერთან დაკავშირებით, მე მჭიდროდ ვითანამშრომლებ ამ სამი პირის დაკავების კუთხით“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
საქმე ეხებათ შემდეგ პირებს:
- მიხეილ მინძაევი - 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად
- ჰამლეტ გუჩმაზოვი - 2008 წლის მოვლენების დროს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი
- დავით სანაკოევი - „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში/ „ომბუდსმენი“ მოვლენების დროს.