მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უსამართლობა იქნება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კარის დახურვა, მაგრამ ბლოკი ვერ გახსნის გაწევრიანების პროცედურას ომში მყოფ ქვეყანასთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტს მასპინძლობს, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სრულიად განაახლებს.

საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ოფიციალურად განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გასულ კვირას, რადგან ისინი ცდილობენ, გააღრმაონ კავშირები დასავლეთთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. თუმცა, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს ჩვეულებრივ ათწლეული ან მეტი სჭირდება და მოიცავს ფართო შიდა ეკონომიკურ, სასამართლო და პოლიტიკურ მოთხოვნებს.

„სამმა ქვეყანამ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ, ოფიციალური განაცხადი გააკეთეს. რასაც დღეს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ უკრაინასა და უკრაინელებს. ამავდროულად, საჭიროა, ყურადღებით ვიყოთ. შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა გავხსნათ ომში მყოფ ქვეყანასთან? არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. შეგვიძლია თუ არა კარი დავხუროთ და ვთქვათ  - არასდროს? ეს უსამართლობა იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.


სამიტის წინ, ვერსალში გაკეთებული განცხადების დროს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე უარყო უკრაინის მოწოდება ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ.

„არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი ტემპი, ასეთი რამ არ არსებობს”, - განაცხადა მარკ რუტემ.


ცნობისთვის, 10 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხს განიხილავენ. მიშელის თქმით, საუბარი ასევე იქნება ევროპის მხრიდან, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე.

„ჩვენ, დღეს და ხვალ გვაქვს სტრატეგიული სამიტი, რადგან ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ერთად, რომ ევროკავშირი იყოს უფრო მტკიცე და ნაკლებად დამოკიდებული რუსულ გაზზე. ახლა არის ძალიან რთული მომენტი, რადგან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და განვიხილავთ ამ სიტუაციის ყველა შედეგს. ამასთან, ჩვენ მივუახლოვდით ევროკავშირის გაფართოების პროცესის განხილვას, რადგან უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირში განაცხადის წარდგენაზე. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველომ და მოლდოვამ, რის შესახებაც განხილვა იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.