თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური სამყარო მკაცრად გააკრიტიკა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე არასაკმარისი პასუხის გამო და განაცხადა, რომ უფრო ძლიერ პასუხს შესაძლოა, დღევანდელი ომი თავიდან აეცილებინა. ერდოღანმა აქვე აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა რაღაცას ამბობენ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო გართულდა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები.
ერდოღანი მიიჩნევს, რომ გლობალური უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, რაც შეიძლება მალე, სიმშვიდე და საღი აზრი გაიმარჯვებს. ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებისკენ თავისი მოწოდება ისევ გაიმეორა.
„განა სამართლიანობა მსოფლიოს ერთ ნაწილში მოქმედებს და მეორე ნაწილში უმოქმედოა? ეს რა მსოფლიოა? სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოავლინა სათანადო მიდგომა და არ გამოხატა აუცილებელი მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვეჯახებით პრობლემის დამანგრეველ და მტკივნეულ შედეგებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია დიპლომატიური გზით, თუკი დროულად გამოვავლენთ ძლიერ ნებას. როდესაც ვხედავთ, როგორ ტოვებენ მშვიდობიანი მცხოვრებლები სახლებს, როდესაც ბავშვები შეშინებულები არიან, ქალაქები ნანგრევებშია, უდანაშაულოები იღუპებიან, ჩვენი მწუხარება იზრდება გეომეტრიული პროგრესით“ , - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.