ლვოვის ოლქში, სამხედრო ბაზაზე დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა - BBC

დასავლეთ უკრაინაში სამხედრო სასწავლო ბაზაზე რუსული სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა, ამის შესახებ ლვოვის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ცნობებით:

სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 57 დაიჭრა კვირას, რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის სამხედრო ბაზაზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ სამინისტრო ჯერ კიდევ ცდილობს, დაადგინოს, იყო თუ არა რომელიმე უცხოელი ინსტრუქტორი ადგილზე, თავდასხმის დროს. ტრადიციულად, NATO-სთან ერთობლივი წვრთნების ადგილი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში (15 მილზე) მდებარეობს. 

რეგიონის გუბერნატორმა მაკსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ობიექტს 30-მდე რაკეტა ესროლეს, ზოგიერთი მათგანი დარტყმამდე მოიგერიეს.

„პოლონეთი გმობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტს, მათ შორის იავორივის ბაზის დაბომბვას”, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-თან.


„რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ მუშაობენ უცხოელი ინსტრუქტორები. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-NATO-ს საზღვართან. უნდა იყოს მიღებული ზომები ამის შესაჩერებლად. დახურეთ ცა“, - წერს თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი ოლეკსი რეზნიკოვი. 

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ლვოვი ოკუპანტებმა პირველად დაბომბეს. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმიდან დღემდე, 579 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 1002 ადამიანი. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.