ვახტანგ გომელაური: მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა

"მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე.

გომელაურის თქმით, პოლიციის შენობების განახლება და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მათი აღჭურვა იგეგმება.

"გაგრძელდება ავტოპარკის განახლება როგორც საპატრულო პოლიციაში, ასევე კრიმინალური პოლიციის რეგიონალური დანაყოფებში. ასევე, მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ესეც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა. გაგრძელდება დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი იზოლატორების მშენებლობა, მოძველებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების ჩანაცვლება.

დღეის მდგომარეობით, სამედიცინო პუნქტი 30 იზოლატორიდან 23 იზოლატორში ფუნქციონირებს. სამომავლოდ დარჩენილ 7 იზოლატორშიც გაიხსნება შესაბამისი სამედიცინო პუნქტი. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდება მიგრანტებისთვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცის რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით-გარეჯის ტერიტორიაზე, ასევე, აშენდება ახალი სასაზღვრო სექტორი ახალციხეში,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განცხადებით, დანაშულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები დაინერგება. ყველა მსხვილ ქალაქში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი შეიქმნება, რომელიც სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება.

"დაინერგება დანაშაულის შესახებ პოლიციის ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა. დანაშულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დაინერგება სახის ამომცნობი ვიდეო-ანალიტიკური სისტემა (NEC)“.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი; დანაყოფები აღიჭურვება სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით; დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა; გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების სამსახურებთან, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით" - აღნიშნა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, კრიმინალურ პოლიციაში დასრულდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა.

„საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, კრიმინალურ პოლიციაში დასრულდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა. გაძლიერდება პრევენციული მიმართულება, განვითარდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა. გაგრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომლის უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობაა. გაიზრდება მართლწესრიგის ოფიცრების რაოდენობა და სრულად მოიცავს თბილისსა და საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქს.

განხორციელდება საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების საფუძველზე. რეფორმა გამომძიებლების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას და, საბოლოო ჯამში, გამოძიების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და მიმდინარეობს ევროკავშირის პროექტის ჩართულობით სამოქმედო გეგმის შემუშავება.

კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემა და ამ მიზნით გაძლიერდება ადამიანის დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შესაძლებლობები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.