კახა კალაძე: საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ.

„დღეს მინდა, მოგაწოდოთ სიახლე, თბილისის საკრებულოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ საბავშვო ბაღებში სიარულს, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ილია ელოშვილს მინდა დავაბარო, რომ გაუწიოს ამ ყველაფერს კოორდინაცია, რათა ეს გადაწყვეტილება აღსრულებული იყოს, გქონდეთ ამ ოჯახებთან პირდაპირი კომუნიკაცია, ავუხსნათ ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი. ჩვენ გვერდით დავუდგებით ამ ოჯახებს, ვიდრე საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.