შვეიცარიამ რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას სანქციები დაუწესა

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ფინანსური სანქციების გავლენის ქვეშ მოექცნენ რუსი ოლიგარქები და მსხვილი ბიზნესმენები, - ნათქვამია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შვეიცარიის სანქციების სიაშია რომან აბრამოვიჩი, ანდრეი მელნიჩენკო, დიმიტრი პუმპიანსკი და დიმიტრი მაზეპინი ვაჟებთან ერთად, მიხაილ პოლუბოიარინოვი, ასევე რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

შვეიცარიაში მათ მფლობელობაში არსებული აქტივები გაიყინება და ამასთან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.  


შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.