ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა

პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და, რა თქმა უნდა, ვართ დაინტერესებულები და მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები.

ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ასევე წაიკითხეთ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში პოლონელ კოლეგას უმასპინძლებს