პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ.
ცნობილია, რომ ზელენსკის მოწვევის ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს. ამ ინიციატივას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიის წევრი ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ზელენსკი მზადაა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ონლაინ ჩაერთოს.
პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას შეეხება, რადგან ოპოზიციას მხოლოდ პიარი და „ისტერიის აწევა“ სურს.
„ამ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან პარლამენტის სახელით ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად არცერთი თეთრი არ შემოსულა. ასე რომ, აქ ჩანს, სინამდვილეში, რა არის რეალური განზრახვა ოპოზიციის ამ ნაწილის – ეს არის მხოლოდ პიარი, უხეშად რომ ვთქვათ, და რაც შეეხება რეალურ დახმარებას და გვერდში დგომას, ისინი არანაირ დამხარებას არ იჩენენ...ამიტომ, თუკი რეალურად ვინმეს სურს გვერდში დაუდგეს უკრაინას, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით და ასეთი ისტერიით, რასაც ცდილობენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.