საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ამ თემაზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ილაპარაკა.
„რასაც უკრაინაში ვუყურებ, ისედაც განმიახლდა ყველა ტკივილი.. რუსეთის სახე, ნაწამები გიორგია ჩემთვის.. მე ვუყურებ როგორ იღუპებიან ბავშვები,ორსულები, მოხუცები და მახსენდება ის კადრები,რომელთა ყურება დღემდე ბოლომდე ვერ შევძელი- გიორგის წამების კადრები...
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში დაიღუპა, ერთ-ერთი ის რუსი პოლკოვნიკი, რომელიც მინაწილეობდა ჩემი მეუღლის წამებაში.. მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით..“, - განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.
ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთერთი მათგანი იყო.
გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში უსასტიკესი წამების შემდეგ მოკლეს. მას დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... ქართველი სამხედროს ჯგუფური წამება მკვლელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ეს შემზარავი კადრები მოგვიანებით ინტერნეტში გაავრცელეს. მას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ