დღეს უნდა ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით საოცრად დაემთხვა. თქვენ ალბათ იცით, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება. ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ქართველებიც. მისმა უწმინდესობამ ყველას მოგვიწოდა, მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად", - განაცხადა მეუფე შიომ.