ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით €500 მილიონის გამოყოფას, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ენერგოემბარგოსგან თავი შეიკავეს. მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელიმ ახალი ფინანსური პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, დამატებით €500 მილიონის გამოყოფას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული, რომელსაც სჩადიან რუსეთის შეიარაღებულ ძალები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. სწორედ ამიტომ მივესალმებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გამოძიებას და შეგახსენებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განკარგულებას რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს ინტერვენცია უკრაინაში“, – განაცხადა ბორელიმ.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, ბორელის განცხადებით, მინისტერიალზე ზოგიერთმა ქვეყანამ დააყენა ენერგორესურსების საკითხი, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დღე არ ყოფილა.
ამასთან, მისი თქმით, მინისტრებმა გააანალიზეს შესაძლო შემდგომი ზომები და არ ფიქრობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ფორმალური გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში მიიღონ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავდნენ.
ასევე წაიკითხეთ
Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ