უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Wall Street Journal-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების სამი მონაწილე, მათ შორის რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და უკრაინის პარლამენტის წევრი, რუსტემ უმეროვი, სავარაუდოდ, მოწამლეს.
„მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს". - თქვა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, საინფორმაციო ველში ახლა ბევრი სპეკულაციაა, სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშის ელემენტები.
"სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მოლაპარაკებების ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ". - თქვა პოდოლიაკმა.
უკრაინელი დეპუტატი რუსტამ უმეროვი, რომელიც რომან აბრამოვიჩთან ერთად რუსეთ-უკრაინის სამშიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ჯგუფის კიდევ ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, კიევში შეხვედრების შემდეგ სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ.
როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი.
მანამდე, კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში.
მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.
შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
ასევე წაიკითხეთ
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია