„რუსეთის მიერ კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირება, შეიძლება, იყოს საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ყურადღება გადაატანინოს და მოატყუოს ხალხი, რათა იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს რეალურად სერიოზულ ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები „წინ ეფექტურად მიიწევს“.
„არის ის, რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელს ვაქცევთ ყურადღებას", – თქვა ბლინკენმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.
ალექსანდრე ჩალის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ომის დასრულებისთვის დიპლომატიურ ფორმატს წარმოადგენს.
მისი თქმით, „საკვანძო მოთხოვნებია - ზუსტი იურიდიული სავალდებულო გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიურია“.
ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება