ფატმა ჯერენ იაზგანი: თურქეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე

ე.წ. აფხაზური საბანკო პლასტიკურ ბარათების, „აპრას“ თურქულ ბანკებში მომსახურების საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრაზე დღეს განიხილა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხევდრაზე თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე.

ელჩის ინფორმაციით, საბანკო ბარათების და ფინანსურ სერვისების საკითხი მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. ელჩის განცხადებით, თურქული ფინანსური ორგანიზაციების ოპერირება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ხდება.

„დღეს, ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი. თავიდან ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, როგორც ეს წარმოაჩინა პრესამ. თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა. ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა.

ამ შეხვედრას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს რუსულ საგადასახადო ბარათ МИР-თან და რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ „აპრას“ პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა.

„სინამდვილეში, ბარათი „აპრა“ სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი МИР, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება „აპრა“ აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ МИР -ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული МИР -ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი.

ამას ადასტურებენ ჩვენი თურქი პარტნიორებიც, რომლებთანაც უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მითუმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლებს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ „ეროვნული ბანკის“ ინფორმაციით, აფხაზური ე.წ ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურების გეოგრაფიული არეალი იზრდება.

„მსხვილმა ბანკებმა IS BANK და ZIRAAT BANK აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკურ ბარათების - APRA WORLD-ის მომსახურება დაიწყეს, - ნათქვამია ე.წ. „ეროვნული ბანკის“ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, APRA WORLD-ის ბარათები მიღებულია რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში.