სომხეთი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე შეთანხმდნენ

26 აგვისტოს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუტიმ ერევანში, სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდი გამართეს.


სომხურმა მხარემ ბრიტანელ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ, მათ შორის, დემოკრატიის განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გაძლიერების მცდელობების შესახებ.


სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ სომხეთის პროგრესი შეაქო და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ამ რეფორმების გაგრძელების მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდეს. ორივე მხარემ განიხილა თანამშრომლობის გაფართოება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, მათ შორის, სამომავლოდ, მაღალი დონის შეხვედრები და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ურთიერთობების გაუმჯობესების კონტექსტში, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.


„მხარეები მოუთმენლად ელიან ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას და ზრდის ხელშეწყობას თანამშრომლობის გზით, მათ შორის, სომხეთის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების, რეფორმებისა და დივერსიფიკაციის მხარდაჭერის მხარდაჭერის ჩათვლით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობით.


მხარეებმა განიხილეს სომხეთ-დიდი ბრიტანეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება (CEPA). სომხეთმა აღიარა გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის დაფინანსების (UKEF) პოტენციალი ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი განვითარებისთვის.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიას. გაერთიანებული სამეფო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ბოლო დროს მიღწეულ შეთანხმებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის გადამწყვეტ ნაბიჯი ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისკენ,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, მხარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.


 ასევე, მხარეებმა განიხილეს „მშვიდობის გზაჯვარედინის“  ინიციატივა როგორც რეგიონული კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პლატფორმა.