არის მცდელობა, ის მძიმე შედეგები, რომლებიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს გამეორებული და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან თანმიმდევრული ვართ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგასთან, იეპე კოფოდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბატონი მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა ამისთვის, რადგანაც ჩვენი დანიელი კოლეგები საკუთარი თვალით ნახავენ იმ აგრესიის შედეგებს, რაც მოჰყვა 2008 წლის ომს და რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, დღევანდელ მძიმე სიტუაციაშიც კვლავ გვესმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც არის ღირებული როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული. ამ ტერიტორიების ოკუპაციას აქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იქ მიმდინარეობს ოკუპაცია. ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ასევე წაიკითხეთ:
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ