„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით ახლახან მოხდა ტყვეების გაცვლა. სახლში მოგვყავს 86 ჩვენი სამხედრო მოსამსახურე! მათ შორის 15 ქალი“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკმა.
მანამდე 24 მარტს რუსეთმა და უკრაინამ მიმდინარე საომარი მოქმედებების განმავლობაში პირველად გაცვალეს ტყვეები, ჯამში - 40 ადამიანი. თავდაპირველად 10 უკრაინელი სამხედრო ტყვე 10 რუს სამხედრო ტყვეში გაიცვალა. პარალელურად მოხდა სამოქალაქო პირების გაცვლაც. კერძოდ, ლაპარაკია სამაშველო გემ „საპფირის“ 19 უკრაინელ სამოქალაქო მეზღვაურზე, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ზმეინის კუნძულზე დაატყვევეს. ისინი იმ 11 რუს მეზღვაურში გაიცვალნენ, რომლებიც ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან ამოიყვანეს. ვერეშჩუკის თქმით, გაცვლის პირობებიდან გამომდინარე, უკრაინაში გადარჩენილი გემიც დაბრუნდება და შემდეგ თურქეთის პორტში გაემგზავრება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა 1-ელ აპრილს ზაპოროჟიეში უკრაინის მხარემ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს