ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის, არჩილ ტატუნაშვილის ნათელ ხსოვნას

არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გამოქვეყნდა. 

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს იყენებს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში.

„ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და 2008 წლის ომში მონაწილეობისთვის ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ სასჯელი შეუფარდა, თუმცა ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან. მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებენ.

უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ასევე წაიკითხეთ 

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა