დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 38 წელი შეუსრულდებოდა.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და 2008 წლის ომში მონაწილეობისთვის ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა. დასახლებაში ერთ-ერთი მორიგი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო აწამეს.
ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ სასჯელი შეუფარდა, თუმცა ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან. მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებენ.
უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.