სასჯელი შეიძლება, იყოს სამართლიანი და უსამართლოც, ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ ყოვლად გაუმართლებელი და უსამართლო სამხედრო აგრესიის გზით რუსეთმა ასეთი მძიმე ზიანი მიაყენა უკრაინას.
„უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი. რუსეთის მხრიდან რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით უკრაინელების მიმართ არის დასჯის აქტი. აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება, იყოს სამართლიანი და უსამართლოც. ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უმძიმესი ზიანი მიადგა სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო. თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ ნებისმიერი სხვა, არის ძალიან მძიმე და ასევე, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა, შესაბამისად, სახეზეა ეს მოცემულობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ იცოდა უკრაინა ომით "დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა".
"ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.