უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
„ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში, რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს", - განუცხადა ვერეშჩუკმა TV ფორმულას და აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".
„თუ ეს ყველაფერი მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯერო ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, რატომ არის შესაძლებელი? რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ ბრძანებები საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე.
თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ რატომ აძლევთ ამის უფლებას თქვენს პრემიერს, თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არ ესმის, რა მოხდება მომავალში თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს. არ მოხდება ისე, რომ „ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შევუერთდებით სანქციებს, მოდით, გავხსნათ ავიახაზები" - არ არის შესაძლებელი ასე ლაპარაკი, თქვენ ამან 2008 წელს ომისგან ვერ გადაგარჩინათ და ვერც ახლა გადაგარჩენთ
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს, რომელსაც მე ქუჩაში ვხედავდი უკრაინაში ომის წინააღმდეგ, არ უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით.
მე როგორც ვიცე-პრემიერი, როგორც მინისტრი, რომელიც დაკავებულია ოკუპირებული ტერიტორიებით, ტყვეებით, ქალებით, ადამიანებით, რომლებიც უგზოუკვლოდ დაიკარგნენ, მე ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ, ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში, რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს, რატომ მოხდა ეს" - თქვა ირინა ვერეშუკმა.
23 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხს გამოეხმაურა. „დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე, ამ საკითხს ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან“. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს.
- ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას.
31 მარტის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.