რუსი ხალხი იმსახურებს სიმართლეს, თქვენ იმსახურებთ ფაქტებს. რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ნაწილებში ჩადენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, ხელებშეკრულები დახვრიტეს. ქალები შვილების თვალწინ გააუპატიურეს. სხეულები სასტიკად დაწვეს, მასობრივ საფლავებში გადაყარეს, ან უბრალოდ ქუჩაში დატოვეს. ინფორმაცია იმდენად შოკისმომგვრელი, იმდენად ამაზრზენია, გასაკვირი არ არის, რომ თქვენი მთავრობა თქვენგან მის დამალვას ცდილობს.
თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით. მან იცის, რომ ეს დანაშაული ღალატობს ყველა რუსი დედის ნდობას, რომელიც სამხედრო სამსახურში წასვლის დროს ამაყად ემშვიდობებოდა შვილს და მან იცის, რომ ეს ლაქაა თავად რუსეთის ღირსებაზე. ლაქა, რომელიც ყოველდღიურად უფრო დიდი და წარუშლელი გახდება, სანამ ეს ომი გრძელდება. მაგრამ მხოლოდ ჩემს სიტყვებს ნუ დაიჯერებთ. რაც თქვენ გჭირდებათ, VPN კავშირია, რათა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა მიიღოთ და როდესაც სიმართლეს აღმოაჩენთ, გააზიარეთ ის.
პასუხისმგებელი ადამიანები პასუხს აგებენ და ისტორია დაიმახსოვრებს, თუ ვინ არ იმჩნევდა ამ ყველაფერს. თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, - განაცხადა ჯონსონმა.
გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.
ასევე წაიკითხეთ